სმოლენსკის ტრაგედიასთან დაკავშირებით საკუთარ ანგარიშს პოლონური მხარეც გამოაქვეყნებს.
ამის შესახებ განცხადება პოლონეთის შს მინისტრმა ეჟი მილერმა გააკეთა.
"სმოლენსკის აეროდრომის დისპეტჩერების პირდაპირი მოვალეობა იყო თვითმფრინავის დაჯდომა აეკრძალათ, თუმცა დროული და ადექვატური ქმედების ნაცვლად, მათ მოსკოველ კოლეგებთან კონსულტაციები დაიწყეს. უახლოეს ხანში პოლონური მხარეც წარადგენს თავის ანგარიშს ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, სადაც, ასევე, შევა სმოლენსკელი და მოსკოველი დისპეტჩერების გაშიფრული საუბრის ჩანაწერი", - აცხადებს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფაზე მთელი პასუხისმგებლობის პოლონელი პილოტებისთვის დაკისრებას "ცინიკურს" უწოდებს ლეხ კაჩინსკის ძმაც.
როგორც ცნობილია, 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან ავიაკატასტროფას პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და მთავრობის წევრები ემსხვერპლნენ.
ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტმა ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა, რასაც პოლონური მხარის უკმაყოფილება და კრიტიკა მოჰყვა.