ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე მაღლა, რადგან ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის განცხადებით, ახლა მთავარი ფოკუსი უნდა იყოს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა.
„ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ მაშინ ისინი გააუქმებენ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე მაღლა და ჩემი მხრიდანაც იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც ბრძოლა მე რამდენიმე წლის წინ დავიწყე, არის ძალიან ბუნებრივი და არაფერი აქ განსაკუთრებული არ არის.
მე ვხედავ ჩემს ფუნქციას პირველ რიგში ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვხედავ ჩემს ფუნქციას იმაში, რომ ყველა იყოს ერთიანი, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს, კობას, ჩემს მეგობრებს და თინას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომელიც არ იმყოფება ახლა აქ და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები აქვს აშშ-ში. მე თინას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და მას აქვს ჩემი მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ბრძოლისთვის თითოეული ჩვენგანი არის მზად. ჩემთვის პირადი კეთილდღეობა არ ნიშნავს არაფერს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26 ოქტომბერს, ამიტომ ნებისმიერი ეგოცენტრულობა არის ახლა მეორეხარისხოვანი და ნებისმიერი პირადი კინკლაობა.
დღეს მე დავასრულებ ამით, ვიცი რომ თქვენ მიმდინარე თემებზე გაქვთ ძალიან ბევრი კითხვა. ეს კითხვები, რა თქმა უნდა, იქნება მე და თქვენი კომუნიკაციის მთავარი ფაქტორი, მაგრამ მთავარი, რაზეც ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებულები და ეს თქვა კობამ, მიხეილ სააკაშვილმა, ჩემმა მეგობრებმა, ყველა იმ ადამიანმა, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა პარტიაშია, მაგრამ ამ ბრძოლის ველზეა, რომ მთავარი ფოკუსი ახლა არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა.“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. ის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.