ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა იქმნება ერთის მაგივრად 3-4 ფანჩატური. რატომ ჰგონიათ, რომ ერთ ფანჩატურს ჯობია 3 თუ 4, ეს მე არ ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება და მთავარია, რომ მათ რესურსი არ აქვთ.
ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ გიგი წერეთლის დაბრუნებას ეხებოდა.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი, ერთი პოლიტიკური ძალა, ამას ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და შემთხვევითი არ არის, ყველამ ვიცით, რომ მათ აქვთ აბსოლუტურად საერთო ხედვები ყველაფერთან დაკავშირებით, უფრო სწორად, მათ აქვთ ზუსტად ის ხედვები, რაც აქვთ მათ საერთო პატრონს. აქედან გამომდინარე, არავითარი განსხვავება არ არის, ისინი დღეს, ხვალ ხან ერთად იქნებიან, ხან ცალ-ცალკე იქნებიან, არავითარი განსხვავება არ არის, ერთადერთი არის ის, რომ ისინი არიან ერთიანი პოლიტიკური ძალა - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.