ჩინეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს „დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან“ დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასა და ოპოზიციის შეფასებებზე.
„ჩინეთის განცხადებას რაც შეეხება, ოპოზიცია საუბრობს, თითქოს ჩინეთში დიქტატურაა და მმართველი დიქტატორია, თუმცა ამერიკის პრეზიდენტი ჩინეთის პრეზიდენტს ხვდება, ხოლო სახელმწიფო მდივანი ჩინეთში ჩავიდა და თქვა, რომ ურთიერთობებზე შეთანხმება გააფორმონ. ასე ხდება ევროპის შემთხვევაშიც. ამ ფონზე თქმა, რომ ჩინეთი ვიღაცისთვის მიუღებელია, თვალებში ნაცრის შეყრაა. რეალობას ვხედავთ, რომ მსოფლიოში ყველა თავისი სახელმწიფოსთვის იბრძვის. საქართველო დერეფნის მონაწილეა და, ბუნებრივია, მოგვიწევს ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა. იმედია, ეს ბოლომდეც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.
როგორც ჩინეთის საგარეო უწყების სტატიაშია ნათქვამი, „დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით.