პოლონური მხარე საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის საბოლოო ანგარიშით უკმაყოფილო დარჩა, რომელიც კომიტეტის ხელმძღვანელმა დღეს გაახმოვანა. საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენას ეხებოდა - ავიაკატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის მოქმედება იყო.
საერთაშორისო საავიაციო კომიტეტში პოლონური მხარის სპეციალური წარმომადგენელი ედმუნდ კლიხი აცხადებს, რომ ანგარიშში შეცდომებია, დაღუპულთა ოჯახების ადვოკატმა ანგარიშს სკანდალური უწოდა, პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაშინსკის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ კი ანგარიშს "პოლონეთის დაცინვის" კვალიფიკაცია მისცა. ამას გარდა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სასწრაფოდ შეწყვიტა შვებულება იტალიაში და ქვეყნის შს მინისტრთან მოლაპარაკებების გასამართავად დაბრუნდა.
საერთაშორისო საავიაციო კომიტეტში პოლონეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ანგარიში არასრულია და შეცდომებს შეიცავს. კერძოდ, მისი თქმით, ეკიპაჟს არ ჰქონდა საშუალება ბრძანება "ჰორიზონტი" შეესრულებინა და უსაფრთხოდ წასულიყო სათადარიგო აეროდრომზე, ვინაიდან ბრძანება ძალიან გვიან იყო გაცემული.
ტუსკი პოლონეთში დაბრუნდა და პრესისათვის კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაშინსკის ძმა იაროსლავ კაჩინსკი კი ანგარიშს "პოლონეთის დაცინვას უწოდებს" და აცხადებს, რომ ეს არის "შედეგი ტუსკის გადაწყვეტილებისა იმის შესახებ რომ გამოძიება რუსულ მხარეს ეწარმოებინა".
შედეგად, აცხადებს კაჩინსკი, - მოსკოვმა ავიაკატასტროფაში პოლონელი მფრინავები დაადანაშაულა და ამის არავითარი საფუძველი მას არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის ძირითადი მიზეზი შექმნილ მეტეოპირობებში ეკიპაჟის მოქმედება გახდა, კერძოდ, გადაწყვეტილება არ წასულიყო სათადარიგო აეროდრომზე.
საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ექსპერტების დასკვნები ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ტატიანა ანოდინამ გაახმოვანა.
ექსპერტებმა ავიაკატასტროფის მიზეზებს ასევე განაკუთვნეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც მაღალჩინოსანი მგზავრები ეკიპაჟის წევრებზე ახორციელებდნენ. პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდლის სისხლში, რომელიც პილოტის კაბინაში იმყოფებოდა აღმოჩენილია 0,6 პრომილი ალკოჰოლი. ეკიპაჟის მეთაური საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ექსპერტების აზრით, გაუმართლებელ რისკზე წავიდა. მას სურდა დაშვება განეხორციელებინა რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს.
საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ტექნიკურმა კომისიამ კატასტროფამდე მიმყვან ფაქტებად არ აეროდრომის მდგომარეობა და სახმელეთო სამსახურების თანამშრომელთა მომზადება.
საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა 12 იანვარს პოლონელ დიპლომატებს გაუგზავნა გამოძიების შედეგად მომზადებული დასკვნების საბოლოო ვერსია. ეს ანგარიში ვარშავამ ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში მიიღო და მას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მიუღებელი უწოდა. დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა რუსეთს შესწორებები გაუგზავნა, რომლებიც 150 გვერდზე იყო განთავსებული.
ავიაკატასტროფა სმოლენსკთან რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და მთავრობის წევრები დაიღუპნენ 2010 წლის 10 აპრილს მოხდა.