„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი, პარტიის წევრებთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან მივიდა და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, სწორედ საქართველოში იბადებიან, იბადებოდნენ და ყოველთვის დაიბადებიან გმირები, რომლებიც მზად არიან თავი გაწირონ საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის.
„დღეს გიორგი ანწუხელიძეს 40 წელი შეუსრულდა. დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოში იბადებიან, იბადებოდნენ და დაიბადებიან ყოველთვის გმირები, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის თავი გაწირონ. გიორგი სამაგალითოა თითოეული ქართველისთვის. მისი და ჩვენი შვილები უნდა ამაყობდნენ, რომ საქართველოს ასეთი გმირი ჰყავს. გიორგი ანწუხელიძე და არაერთი გმირი გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც ქვეყნის ერთიანობისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი გაუწირავს”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.