საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებამ “ დელეგატებად წარადგინა ადამიანები, რომლებიც კონკრეტული რაიონის მიმართ პასუხისმგებელი დეპუტატები არიან. მისი თქმით. აღნიშნული გადაწყვეტილება სწორია.
„როგორ უნდა მოატყუო ამომრჩეველი? ვეუბნებით, რომ პროპორციული არჩევნებია, ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ. ელექტრონული არჩევნების გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ. პროპორციული არჩევნებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის შემადგენლობაში არ იქნებიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ რეგიონებში მეტად იქნებიან აქტიურები, ვიდრე სხვაგან. რა არის ამაში მოტყუება და გაუგებარი? არსებობენ ადამიანები, რომლებიც პარლამენტის წევრები იქნებიან, პროპორციული სისტემით შემოვლენ. დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში და პასუხისმგებელი იქნებიან ყველაფერზე ისევე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ. ეს არ არის ოფიციალურად, კანონით დადგენილი ნორმა, მაგრამ ფაქტია, ეს ადამიანები ჩვენ დავასახელეთ იმ ნიშნით, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატები ხასიათდებოდნენ, კონკრეტული რაიონის მიმართ პასუხისმგებელი დეპუტატები. მიუხედავად პროპორციული არჩევნებისა, ეს სისტემა არ გაუქმდება ჩვენს სინამდვილეში. თუ კი იქნება სხვა მიდგომა ოპოზიციაში, ესეც, რასაკვირველია, თავის შეფასებას დაიმსახურებს, მაგრამ ვინც გაიმარჯვებს კონკრეტულ რეგიონში, ის იქნება ვალდებული ყველას მიმართ, არა მარტო მხარდაჭერების, არამედ ოპოზიციურად გაწყობილი საზოგადოებების მიმართ. ეს არის ამ გადაწყვეტილების იდეა და სწორია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
15 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა 22 დელეგატი, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.