სოხუმში მყოფი რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინი აცხადებს, რომ აფხაზეთს კონტროლის პალატის კადრების მომზადებაში დაეხმარება.
"მოხარული ვარ, რომ აფხაზეთში კონტროლის პალატა შეიქმნა. მომდევნო კვირას აქ ჩვენი ორი სპეციალისტი ჩამოვა, რომლებიც ჩამოაყალიბებენ სტრუქტურას, იტყვიან და გაჩვენებენ. როგორც კი თქვენი პალატის ფორმირება მოხდება ჩვენს თავზე ვიღებთ ვალდებულებას მისი თანამშრომლების უსასყიდლოდ სწავლების შესახებ. ამისათვის ჩვენ ყველა შესაძლებლობა გვაქვს", _ განაცხადა სტეპაშინმა დღეს სოხუმში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრაზე.
თავის მხრივ ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის გამოცდილების გაზიარება.
"მრავალი საკითხის გადაჭრა ჩვენ პირველად გვიწევს. რატომ უნდა ვიაროთ შეცდომებით, როდესაც არსებობს რუსეთის გამოცდილება", _ განაცხადა ბაღაფშმა.
ამასთან ერთად აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ სტეპაშინმა აუწყა ბაღაფშს, რომ დიმიტრი მედვედევმა მასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ დიდი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს 2012 წლის კომპლექსური გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით რუსეთი შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები