დღეს, 7 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ერგნეთში ჩავიდა.
პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასდროს უნდა შევეგუოთ იმ მოცემულობას, რაც დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებობს.
ზურაბიშვილის თქმით, "ტერიტორიების დაბრუნება და მოსახლეობის გაერთიანება" საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების გაძლიერებით უნდა დაიწყოს.
პრეზიდენტი ერგნეთის 2008 წლის აგვისტოს მუზეუმსაც ეწვია.
“ყოველდღიურად, უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს და არა იმაზე, რომ ომით და ძალით დავიბრუნოთ ტერიტორიები, ამ ტერიტორიების დაბრუნება, გაერთიანება მოსახლეობის, იწყება ამ სოფლის გაძლიერებით, იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ.
მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენი კულტურის მინისტრმა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები გინდათ აფხაზეთში, გინდათ ოსეთში. რა კეთდება ამ მიმართულებით, ქართული ენისთვის. რა კეთდება იმისთვის, რომ ტრანსპორტი დაინიშნოს, ეს ხომ არ არის ძნელი, ეს ხომ არ მითხოვს ისეთ ძალისხმევას, რაც არ შეგვიძლია. სად არის შერიგების მინისტრი, რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ, იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი.
არ შეიძლება, რომ არ გაგახსენოთ ისიც, ეს სოფელი, მთლიანად აღდგენილია უცხო აგენტების ფულით, მადლობა მათ“,- თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.