ბევრი მიმართულებაა, სადაც მთავრობა უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჯარის ხელის ხლება არ შეიძლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართული ჯარი მოსახლეობის სრული ნდობით სარგებლობს და მისი დასჯა არ უნდა მოხდეს.
„არ მესმის, ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და არ მესმის, თუ ეს მართალია, ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს. მით უმეტეს, ის მთლიანად არის შექმნილი ამერიკის მიერ. ეს ცოტა ვერ გავიგე და უთუოდ გავარკვევ. ის, რომ წვრთნები გადაიდო, გასაგებია. არჩევნებამდე, ვიდრე არ გაირკვევა ყველაფერი, რაღაც ნიშნები შეიძლება, მოგცენ, მაგრამ ჯარზე ხელის ხლება არ შეიძლება, რადგან ჩვენი ჯარი სარგებლობს მოსახლეობის სრული ნდობით და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ნამდვილი, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთადერთი საყრდენი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.