ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებული ა.გ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს.
“სამართალდამცველებმა ბრალდებული აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ 2024 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლოს კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.