მოსკოვში აქციის მონაწილეები ისევ დააკავეს. ამჯერად მათი აყვანა მანეჟის მოედნიდან მოხდა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დაპატიმრებულია 10 ადამიანი, თუმცა რუსული მედიის ცნობით, მილიციამ დაახლოებით 100-მდე პირი აიყვანა.
ამასთან, რუსული საინფორმაციო სააგენტოები იმასაც განმარტავენ, რომ დაკავებულთა შორის არიან რადიკალური ორგანიზაციების ლიდერებიც.
სამართალდამცველებმა მანეჟის მოედნის კონტროლი მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც ორგანიზაციამ "11 დეკემბერი" იქ ნაციონალისტური ხასიათის აქციის გამართვა გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის გარდა მილიციამ აქციის მონაწილეები დააკავა მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთშიც. აყვანილია სულ 30-მდე ადამიანი, რომელთა უმეტესობაც ყირგიზეთის მოქალაქეა. ისინი რუსეთში უცხო ქვეყნიდან ჩასულ ემიგრანტებზე გაძლიერებულ კონტროლს აპროტესტებდნენ.