სოფელ სუფსაში „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ.
“მთავარი არხი" თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი პირები სოფელ სუფსაში "მთავარი არხის" გურიის ბიუროს ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და დაუზიანეს ტექნიკა.
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
მოვუწოდებთ ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე”, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც მენაბდემ აღნიშნა, თავდასხმაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა.
„ერთი ადამიანი მოვიდა ჯერ, მანქანით, აქ, ცენტრში, ვიდექი ზუსტად. მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაიწყო გინება "მთავარი არხის" მისამართით, შემდეგ გარკვეული პიროვნებების მისამართით. არ მივაქციეთ ყურადღება, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი რეალობაა და მივხვდით რასთანაც გვქონდა საქმე. შემდეგ გადმოვიდა, ჩვენი მისამართით დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფების მოყენება, გინება, შემდეგ ამასაც რომ არ მივაქციეთ ყურადღება, მოვიდა შემაფურთხა სახეში და დამარტყა. ერთი ადამიანი იყო. მოვკიდე ხელი, მივაბრუნე უკან მანქანისკენ, ამ დროს 4 ადამიანი დაგვესხა თავს, რომლებიც მზად იყვნენ ეტყობა მოვლენების განვითარებისთვის, მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კამერა დაამსხვრიეს, თავის არეში მაქვს ცოტა პრობლემები, ამიტომაც გამოვიძახე სასწრაფო", - თქვა ჟურნალისტმა.