ოკუპირებულ ახალგორის რაიონში 15 იანვრიდან საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი მოქმედებას შეწყვეტს. ქართული ლარის გამოყენება აიკრძალება მაღაზიებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და სხვა ადგილებში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებლად დანიშნული ალან ჯუსოევი აცხადებს, რომ "რაიონში ისევე როგორც მთელს რესპუბლიკაში მიმოქცევაში მხოლოდ რუსული რუბლი იქნება".
ალან ჯუსოევი ასევე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მაღაზიების მფლობელები მიიღებენ წერილობით შეტყობინებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფასები მხოლოდ რუსულ რუბლში დააწერონ - "ფასების აღნიშვნა ლარებში აღარ იქნება, ვინაიდან ეს ვალუტა აღარ იარსებებს".
"წერილობითი შეტყობინების დარღვევის შემთხვევაში მაღაზიის მფლობელი საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლების მიერ დაჯარიმდება. ჯარიმა მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით განისაზღვრება", _ აცხადებს ჯუსოევი და დასძენს, რომ ახალგორში ასევე არ იქნება ლარის გადამცვლელი პუნქტები, "მანამ ვიდრე საქართველოსთან ურთიერთობა არ აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები