თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ცხოველთა დამცველის, ლუკა კინწურაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დაადგინა, რომ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება სამართალდამცავების შეურაცხყოფას, სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
„მოსამართლემ სიტყვიერი შენიშნა მისცა. თქვეს, რომ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, 'თავხედი' უწოდაო“, - განუცხადა კინწურაშვილის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას.
ლუკა კინწურაშვილმა 17 ივლისს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ რამდენიმე დღის წინ ავტობუსის გაჩერებაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა დააკავეს.
ლუკა კინწურაშვილმა გურჯაანის წინასწარი დაკავების იზოლატორში 35 საათი გაატარა. სამართალდამცავები მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებოდნენ.