ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დავიდ სანაკოევი ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 1 549 სარჩელის განხილვაზე უარის თქმას ეხება არასამართლიანს უწოდებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, დავიდ სანაკოევი ასევე აცხადებს, რომ ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის დანარჩენი დეტალები მისთვის უცნობია.
"საკითხს ახლა ვსწავლობ, მაგრამ ახლა შეძლება ითქვას მხოლოდ ერთი რამ - მრავალი მოსარჩელე ეს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები და რუსი სამშვიდობოები არიან და ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უსამართლოა მათ მიმართ", _ აცხადებს სანაკოევი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 1 549 საქმის განხილვაზე. ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ განაცხადა, რომ სულ საქართველოს წინააღმდეგ საერთო ჯამში შეტანილია 3,3 ათასი სარჩელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომთანაა დაკავშირებული. სასამართლომ მიმართა მოსარჩელეებს, რათა მათ დამატებითი ინფორმაცია წარმოედგინათ. ხოლო მას შემდეგ რაც ეს ინფორმაციას მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ეს საქმეები არ განეხილა.
მასალის გამოყენების პირობები