იცვლება ისტორია, ისტორიული მოვლენები და იცვლება ინტერესები. ეს უმარტივესი ამბავია. როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, ინტერესები და რიტორიკა შეიცვლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„წითელ ხაზებს არ ვკვეთთ და ჩვენი რიტორიკაც საკმაოდ გამბედავი და თამამია, ცალ ფეხზე არ დავდექით და შევძელით მაგალითად ის, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი დაგვეინიცირებინა. 4-5 წლის წინ ეს დიდ ტურბულენტობას გამოიწვევდა. მაგალითად 2017 წელს ჩვენივე ხელით დავაჭირეთ მწვანე ღილაკს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ვინ იყო ნინო ლომჯარია. ამას საკუთარ თანაგუნდელებსაც კი ვერ ვუხსნიდით - უკაცრავად, მეტი ჯანი დღეს არ გვაქვს-თქო ვამბობდით, ეს პერიოდი უნდა გადავაგოროთ-თქო. იყო მცდელობა ასევე, რომ სასამართლო ვიღაცებს ჩაეგდოთ ხელში. აქ ვლავირებდით, სასამართლო დამოუკიდებელი რჩებოდა. მთავარი ინსტიტუტები, სახელმწიფოს მთავარი ღერძი შევინარჩუნეთ, მაგრამ რაღაცები დავთმეთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.