ავსტრიელმა ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს და ცნობილი საოპერო მომღერლის, პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება მოითხოვეს.
განცხადებას ერთ-ერთი ხელმომწერი ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ხელმომწერთა განცხადებით, ევროპამ არ უნდა დახუჭოს თვალი იმ შემთხვევებზე, როდესაც დემოკრატიული ხმები იხშობა.
მათივე თქმით, თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ყველა შესაძლო გზით უნდა იყოს დაცული.
ბრანდშტეტერის განცხადებით, მან სხვა სამ ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის გათავისუფლებას ითხოვენ.
„თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს! ევროპამ არ უნდა დახუჭოს თვალი, როდესაც დემოკრატიულ ხმებს ახშობენ.
სამ სხვა ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად ხელი მოვაწერე ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას მოვითხოვთ.
თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ყველა შესაძლო გზით უნდა დავიცვათ“, - წერს ევროპარლამენტარი.
ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ORF-ის ინფორმაციით, განცხადებას ჯამში ხუთი ავსტრიელი ევროპარლამენტარი აწერს ხელს. მათ შორის არიან რეინჰოლდ ლოპატკა, ანდრეას შიდერი, ჰელმუტ ბრანდშტეტერი, ანა შტურგხი და ლუკას მანდლი.