დღეს საქართველოს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ქვეყნის გაწირვის რისკზე წავიდეს. საკმარისია, გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფოიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფოიერვერკს მივიღებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მეორე ფრონტის ლობირების შედეგია ის უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც საქართველოზე ბოლო წლებია, ხორციელდება.
„იმისათვის, რომ ასეთი კრიტიკული არჩევანის წინაშე აღარასდროს დავდგეთ, აუცილებელია, საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ აგენტურა, რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა სწრაფი ტემპით განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას. სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები კვლავაც არ იშლიან ფიქრს მეორე ფრონტზე, რამაც, მათი გათვლით, პირველ ფრონტზე არსებული რთული მოცემულობა უნდა შეცვალოს. სწორედ მეორე ფრონტის ლობირების შედეგია ის უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც საქართველოზე უკვე რამდენიმე წელია, ხორციელდება და უკრაინაში ომის დაწყების დღიდან განსაკუთრებულად გააქტიურდა. გლობალური ომის პარტია სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენით დღევანდელ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე, რაც ქართულ საზოგადოებაში ქმნის აღქმას, რომ საქართველოს კონფლიქტი ამერიკის სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან აქვს, თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ინტერესები შეიცვლება და ეს აღქმაც მყისიერად გაქრება“, – განაცხადა ივანიშვილმა.