საქართველოს ექსპრემიერისა, და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავისი შეცდომების ტყვეობაშია. ამის შესახებ გახარიამ "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მოცემულობა ისეთია, რომ "ივანიშვილი ქვეყნის მომავლის კონკურენტია" და მისი "პატარა ბიჭები" არაფერს წყვეტენ.
„ როგორც ჩანს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე მიაწვნენ - არ აღიარებენ არაფერს და არც აქვთ რამის გამოსწორების სურვილი. ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის არჩევნები, პირველ რიგში ეს გამოსავალია ხელისუფლებისთვის, რომელიც ახლა საოცარი სისწრაფით მიდის ჩიხისკენ და ჩიხისკენ მიჰყავს ქვეყანაც"- განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ვირტუალური პოლიტიკოსები არიან.
ამ ვირტუალურ პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს არანაირი პოლიტიკური რესურსი და ნება, დამოუკიდებლად რაღაც პოლიტიკური ნაბიჯები გადადგან, უკვე აღარ აქვთ. ივანიშვილი იძულებულია, იმ მდგომარეობაშია, რომ მისი ინსტრუქციის გარეშე არავინ არაფერს გააკეთებს. ეს პატარა, მშიშარა ბიჭებიც ბედნიერები არიან, რომ პასუხისმგებლობა სრულად ივანიშვილზეა. მადლობა ღმერთს მათთვის რომ ის გამოჩნდა, ესენი ჩავლენ, ფეხბურთს უყურებენ. იქ სადღაც რეგიონში ჩავლენ ასე ვირტუალურად"- თქვა მან.