ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ღირსეულ პარტნიორთან“ დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილება, სულ მცირე, გაუგებარია.
მდინარაძის შეფასებით, ძალიან მალე ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.
“თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები – ამაზე ვსაუბრობთ და პასუხად ვიღებთ, რომ იცით რა, თქვენ წვრთნები გაგიუქმეთ. შემდეგ ვიღაც იტყვის, ეს არის აშშ-ის მცდელობა, რომ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში. ჩვენ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ვიღაც ამას რომ იტყვის, შემდეგ მოხვალთ და მკითხავთ, ეთანხმებით თუ არა? შეიძლება, ამის შესახებ ეჭვი ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩვენ ასე არ განვიხილავთ საკითხებს, ჩვენ ასე არ შევდივართ თემის სიღრმეებში და ვფიქრობთ, რომ ეს არის, სულ მცირე, გაუგებარი გადაწყვეტილება. იმ ფონზე, როცა საქართველო დემოკრატიის ხარისხით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ა.შ. მოწინავე ქვეყნების რიგშია, მაგალითად, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არის გაუგებარი. მგონია, რომ ძალიან მალე, მაგალითად, რამდენიმე თვეში ასეთი და ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
ამავდროულად, მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რომ აშშ ცუდია და არც მეორე ფრონტთან დაკავშირებით ყოფილა ამერიკის მიმართ ბრალდება.
„„ქართული ოცნების“ არცერთ დეპიუტატს, მთავრობის არცერთ წევრს, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რომ ევროკავშირი ცუდია, აშშ ცუდია. მსგავსი რამ არ გვითქვამს. მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია ჩვენ აშშ-ისთვის. არც „გლობალური ომის პარტია“ გვიწოდებია არასდროს აშშ-ისთვის. ამომიღეთ ერთი ფრაზა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ აშშ-ს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.