14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ ე.წ. ქმარს უვადო პატიმრობა შეეფარდა. გამამტყუნებელი განაჩენი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით, მათ შორის, გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 2023 წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე, გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა, მოზარდის წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.
მკვლელობაში ბრალდებულ ასიმ სადიკოვს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ასამართლებდნენ. ესენია: მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 150-ე პრიმა მუხლი, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.
საქმეზე ასევე დაკავებული არიან სადიკოვის ბიძა და ბიძაშვილი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი. დააკავეს ასევე მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა - ისინი ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან ბრალდებული. ეს ცალკე საქმედ განიხილება. მათი სასამართლო პროცესები რუსთავში მიმდინარეობს.