საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სამუშო შეხვედრა გამართა.
საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრას, პროგრამის ფარგლებში მოწვეულ უცხოელ ექსპერტთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„შეხვედრის მიზანია, დამსწრე საზოგადოებას წარვუდგინოთ ის შედეგები და დაგეგმილი აქტივობები, რაც გვაქვს კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით არსებული მრავალმხრივი პროგრამის ფარგლებში, რომლის თანადამფინანსებლები არიან შვედეთის და შვეიცარიის მთავრობები. პროგრამის განმახორციელებელი ეროვნული პარტნიორი გახლავთ გაეროს განვითარების პროგრამა. როგორც მოგეხსენებათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროგრამა, რაც დღესდღეობით ხორციელდება საქართველოში და მოიცავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების ღონისძიებების განხორციელებას და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას საქართველოში. პროექტის ბენეფიციარები სხვადასხვა უწყებები და სამინისტროებია, რომლებიც ჩართულები არიან პროგრამის განხორციელების პროცესში“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა
შეხვედრის მიზანს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი საფრთხეების შეფასების მიმართულებით შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ასევე, პროექტის ფარგლებში მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაციის სხვადასხვა უწყებებისთვის გაზიარებას წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრაზე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა ბენეფიციარ უწყებებს პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები გააცნო შესაბამისი უწყებების როლების გათვალისწინებით, რომელიც გამიზნულია ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტურად დანერგვისათვის. შეხვედრის განმავლობაში მსჯელობა წარიმართა სისტემის ყველა კომპონენტის ირგვლი, მათ შორის კლიმატური საფრთხეებისა და რისკების ინფორმაციის, საფრთხეების მონიტორინგის და პროგნოზირების, შეტყობინების გავრცელებისა და კომუნიკაციის, ასევე, ადგილობრივ დონეზე მზაობის, რეაგირების და შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე.
აღნიშნული შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს წყალდიდობების, მეწყრებისა და კლიმატით გამოწვეული სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური კატასტროფების რისკის შემცირებას და მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მაქსიმალურ დაცვას.