აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თათბირი ჩაატარა, რომელიც აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შესრულების ხელშეწყობას მიეძღვნა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, გეგმა სამ წელზეა გათვლილი და რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის 10,8 მილიარდი რუსული რუბლის ოდენობით უსასყიდლო დახმარებას ითვალისწინებს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ამ თანხიდან უკვე ათვისებულია 1,8 მილიარდი. 1,2 მილიარდი კი 2011 წლის გარდამავალ პერიოდს დაემთხვა.
"ახალ წელს უნდა ავითვისოთ 4,23 მილიარდი. ეს სოლიდური თანხაა და წინ დიდი და სერიოზული სამუშაო გველის", _ განაცხადა ბაღაფშმა თათბირზე და დასძინა: "შენება უკვე ვისწავლეთ, სწორად დოკუმენტაციის გაფორმება კი ჯერ ვერა. ამიტომაც აუცილებელია ნორმატიული ბაზის მოწესრიგება".
თათბირზე ბაღაფშმა კვლავ წამოჭრა "ომის კვალის აფხაზეთის ფასადიდან გაქრობის" საკითხი და განაცხადა, რომ უკვე საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რომ სოხუმს ომის კვალი აღარ ეტყობოდეს".
"ომის დასრულებიდან საკმარისი დრო გავიდა. მაგრამ სოხუმის სტუმრები კვლავ ხედავენ დანგრეულ, ნახევრად დანგრეულ და დამწვარ შენობებს", _ განაცხადა ბაღაფშმა და ამ საკითხის მოწესრიგების განკარგულება გასცა.