რუსეთის მონაწილეობის პირობა მომდევნო სამშვიდობო სამიტებში, სადაც განიხილება უკრაინაში ომის დასრულების გეგმები, იქნება გაერო-ს წესდებაზე დაყრდნობით მოსკოვის მზადყოფნა მშვიდობისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვეიცარიაში უკრაინის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რუსეთის ფედერაცია როცა იტყვის, რომ გაერო-ს წესდებაზე დაყრდნობით მზადაა მშვიდობისთვის, მაშინ დადგება დრო, ჩაერთონ სამშვიდობო მცდელობებში. ვიმედოვნებ, რომ ეს სწრაფად მოხდება“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, შვეიცარიაში გამართულმა სამიტმა უკრაინა მშვიდობას მიუახლოვა, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა ერთი ნაბიჯით არ მიიღწევა და მისკენ მიმავალ გზაზე მოთმინებასა და მონდომებას მოითხოვს.
ევროკომისიიის პრეზიდენტმა მიმართა რუსეთს, გაითვალისწინოს მსოფლიო საზოგადოების მოწოდება, რომ პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შეწყვიტოს ძალადობა და დააბრუნოს უკრაინელი ბავშვები.
„ის მოითხოვს კაპიტულაციას, ის მოითხოვს უკრაინისგან ტერიტორიების დათმობას, მათ შორის იმ ტერიტორიების, რომლებიც დღეს არ არის ოკუპირებული. ის მოითხოვს უკრაინის განიარაღებას, რათა დაუცველი დატოვოს შემდეგი აგრესიისთვის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პირობა დადო, რომ მომავალი სამშვიდობო სამიტი არ დააყოვნებს. უკრაინის ლიდერის თქმით, ეს შეიძლება სულ რამდენიმე თვეში მოხდეს. მან დასძინა, რომ კიევი მზად არის მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად ხვალვე, იმ პირობით, თუ რუსეთი გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან.
შეგახსენებთ, პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის", მაგრამ ამისთვის უკრაინამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები რუსების მიერ ოკუპირებული ყველა რეგიონიდან, რომელსაც კრემლი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიად მიიჩნევს.