შესაძლებლობა სადაც არის, რომ ქართული მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდეს, ეს პლატფორმები უნდა იყოს და არის ყველგან გამოყენებული, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ადასტურებს იმას, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. როგორც იცით, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა ბერლინში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება სამშვიდობო კონფერენციას, რომლის მუშაობასა და მომზადებაში აქტიურად იყო ქართული მხარეც ჩართული და საგარეო საქმეთა სამინისტრო, მასზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტი იმ მოსაწვევის შესაბამისად, რომელიც გამოეგზავნა ქართულ მხარეს. ეს, ზოგადად, ადასტურებს იმას, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სადაც შესაძლებლობა არის, რომ უკრაინის მხარდაჭერა ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდეს, ეს პლატფორმები ყველგან გამოყენებული უნდა იყოს და არის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა უკრაინის აღდგენის კონფერენციაში, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
„მთავარია, საქართველოს მხრიდან არის მონაწილეობა ამ კონფერენციაზე. სულ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა უკრაინის აღდგენის კონფერენციაში, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი საკითხები იყო სწორედ იმ კონფერენციის ფარგლებშიც განხილული“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.