ბრიტანული ჯგუფი, Massive Attack-ი 28 ივლისს საქართველოში დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას ეხმიანება. ჯგუფი წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება "ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოს მთავრობის თავდასხმაზე პროტესტის ნიშნად" მიიღეს.
ჯგუფი სოციალურ ქსელ "X"-ზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის ამსახველ ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ ამ მომენტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არენაზე გამოსვლა შესაძლოა, მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივად ჩახშობის მოწონებად იყოს მიჩნეული.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ჩვენი შოუ საქართველოში 28 ივლისს, პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივად ჩახშობის მოწონებად.
ცემა, დაპატიმრება, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტებისა და ოპონენტების მიმართ, კანონებთან ერთად, რომლებიც აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და უარყოფს ლგბტ ადამიანების უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ძალადობას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა მოისმინონ და მათი ბრძოლა იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად დავუკრავთ თავისუფლების პირობებში. #დაიცავიპროტესტი", - წერია განცხადებაში.
დღეს, 12 ივნისს Black Sea Arena-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Massive Attack-ის კონცერტი გაუქმდა, თუმცა ჯგუფის გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში არაფერი ეწერა.
მანამდე, 25 აპრილს ჯგუფს ქართველი ხალხის სახელით მოძრაობა "სირცხვილიამ" მიმართა და Massive Attack-ს მოუწოდა, საქართველოში კონცერტის გამართვამდე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ "საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას" და განსჯის საფუძველზე გადადგან საპასუხო ნაბიჯი.
„ამჟამად ქართული სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, მოწყვლადი სოციალური ჯგუფები, LGBTQ თემი, ქალები, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობები ხელისუფლების მხრიდან მასობრივი თავდასხმის ქვეშ არიან“, - აღნიშნული იყო მიმართვაში.
მიმართვას მუსიკალურმა ჯგუფმა განცხადებით უპასუხა. MASSIVE ATTACK-მა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.