საქართველოში MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას "Black Sea Arena" სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ 28 ივლისს, შეკვეთილში, კონცერტი აღარ გაიმართება.
"Black Sea Arena" არ ასახელებს კონკრეტულ მიზეზს, თუ რა რატომ გაუქმდა ჩანიშნული ღონისძიება, თუმცა წერს, რომ ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ.
25 აპრილს ჯგუფს ქართველი ხალხის სახელით მოძრაობა "სირცხვილიამ" მიმართა და Massive Attack-ს მოუწოდა, საქართველოში კონცერტის გამართვამდე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ "საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას" და განსჯის საფუძველზე გადადგან საპასუხო ნაბიჯი.
„ამჟამად ქართული სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, მოწყვლადი სოციალური ჯგუფები, LGBTQ თემი, ქალები, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობები ხელისუფლების მხრიდან მასობრივი თავდასხმის ქვეშ არიან“, - აღნიშნული იყო მიმართვაში.
მიმართვას მუსიკალურმა ჯგუფმა განცხადებით უპასუხა. MASSIVE ATTACK-მა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.
ბრიტანული ჯგუფი მთავრობის მხარდაჭერილი კამპანიის - Starring Georgia-ს ფარგლებში უნდა ჩამოსულიყო.