შაბათს კრაკოვის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 24 წლის კაცის სახლში სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კრაკოვში მინისტრებთან და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირზე განაცხადა. ინფორმაციას Polsat News ავრცელებს.
ტუსკის თქმით, სახლში ორი ქალისა და ერთი კაცის ცხედრები იპოვეს. სავარაუდოდ, ისინი თავდამსხმელის ახლო ნათესავები არიან.
„დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, დამნაშავის საცხოვრებელ სახლში ორი ქალი და ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ეს მართლაც მძიმე ტრაგედიაა. არსებობს ძლიერი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისინი მისი ოჯახის უახლოესი წევრები იყვნენ. ავტომობილში ასევე საკმაოდ ბევრი იარაღი იყო, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ტერორისტის შესაძლო თანამზრახველებს ძალიან მალე დააკავებენ“, განაცხადა ტუსკმა.
ცნობისთვის, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 16 ადამიანი. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 24 წლის პოლონეთის მოქალაქეა.
პოლონეთში კვირა და ორშაბათი ეროვნული გლოვის დღეებად გამოცხადდა.