12 არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას გმირთა მოედანზე ვეტერანების დარბევასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს. აღნიშნული მოთხოვნა არასამთავრობებმა დღეს პრესკონფერენციაზე გააჟღერეს.
მათი ინფორმაციით, მიმართვას, რომელიც დღეს შსს-სა და პროკურატურაში შეიტანენ, ხელს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. ეს ორგანიზაციებია: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "მრავალეროვანი საქართველო", ჟურნალი "ლიბერალი", "მედია კლუბი", "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი", "საქართველოს ლეგიონი", ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება".
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, 3 იანვარს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი.
"3 იანვარს მანიფესტანტების უფლებები უხეშად დაირღვა, რომელიც მათ კონსტიტუციით ჰქონდათ გარანტირებული და ასევე მოხდა პოლიციელების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, რადგან აქციის დაშლის მოთხოვნა უკანონო იყო. აქციის მონაწილეები გზას არ კეტავდნენ, არ უშლიდნენ ხელს არც სამანქანო და არც ქვეითად მოსიარულეებს", - განმარტა მან.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქციის მონაწილეები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, ჩუგოშვილის განმარტებებით, ეს არ წარმოადგენს დაკავების საფუძველს.
არასამთავრობოები პოლიციელთა ნაწილის მიმართ მოითხოვენ სისხლისსამართლებრივ დევნას, ნაწილის მიმართ კი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.