ამერიკელი სამხედროების 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა, აღნიშნული ინფორმაციას "ნეტგაზეთს" საქართველოში ამერიკის საელჩომ დაუდასტურა.
გამოცემის შეკითხვის საპასუხოდ საელჩოში განაცხადეს, რომ აშშ-ის მონაწილეობა 26 მაისს მთავრობის ღონისძიებაში გაუქმდა მმართველი პარტიის მიერ ამერიკის შესახებ იმ ცრუ ნარატივების გავრცელების ფონზე, რომელიც 29 აპრილს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა:
„შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და სურს, რომ საქართველო მტკიცედ იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ამ გზას,“ - აცხადებენ საელჩოში.
29 აპრილს ხელისუფლების ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
მან სიტყვით გამოსვლისას „რუსული კანონი“ დაიცვა, „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და ა.შ.
ივანიშვილმა ისაუბრა “საფრთხეზე”, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მისი თქმით, გარედან ემუქრება და დასავლეთზე მიანიშნა.