მკაცრი კანონის მიღებას როდესაც ვხედავთ საფრანგეთში და გაცილებით რბილ კანონს საქართველოში, ქართველი ხალხი გაოგნებულია უცხოელების უსამართლობით, როდესაც ორმაგი სტანდარტით ხდება შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუშვილმა განაცხადა.
„სინამდვილეში, საფრანგეთის კანონი უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული. მაგალითად, საფრანგეთში რომ არსებობდეს მოძრაობა „სირცხვილია“, რომელსაც აფინანსებს საქართველოს მთავრობა, მას მოუწევდა ფინანსური დეკლარაციების გასაჯაროება. ციხეში ჩასვამდნენ იმას, ვინც ამას არ აკეთებს. მოძრაობა „სირცხვილია“ თვალთვალის ქვეშ იქნებოდა, მათ შორის მათი კომპიუტერული თუ სხვა კომუნიკაცია იქნებოდა თვალთვალის ქვეშ. ეს იქნებოდა „სირცხვილიას“ ბედი, საფრანგეთში რომ ყოფილიყო საქართველოს მთავრობისგან დაფინანსებული. მაშინ, როდესაც „სირცხვილია“ საქართველოში ფინანსდება ევროკავშირის მხრიდან, მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება – შეავსოს დეკლარაცია და გაასაჯაროოს. მორჩა, სხვა არანაირი ვალდებულება მას არ აქვს. თუ დაარღვევს ამ წესს, ერთადერთი რეაგირებაა ჯარიმა, მეტი არაფერი.
როდესაც ვხედავთ მკაცრ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი კანონის მიღებას საფრანგეთში და ამაზე გაცილებით რბილ კანონს საქართველოში, ამ ორ კანონთან დაკავშირებით უყურებთ რეაქციას სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ქართველი ხალხი გაოგნებულია უცხოელების მხრიდან უსამართლობით, როდესაც ორმაგი სტანდარტით ხდება შეფასება, იმისდა მიხედვით, რა ზომის არის ქვეყანა.
რახან პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენზე სხვანაირი შეფასებებია, სხვა რომ დიდი ქვეყანაა, იქ სხვანაირი შეფასებაა. ქართველი ხალხი ისტორიულად შეჩვეულია, რომ ასეთებს ცდილობდნენ ხოლმე სხვა ერები, მაგრამ არავის ბოლომდე არ გასვლია და არ მგონია, ეს სერიოზული მიდგომა იყოს ამ მომენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.