2012 წლის შემდეგ ვერ მოიყვანთ ვერცერთ ფაქტს, შემთხვევას, რომ ქვეყანაში ირღვეოდეს ადამიანის უფლებები, შეზღუდული იყოს გამოხატვის, სიტყვის თავისუფლება. ბუნებაში არ არსებობს ამგვარი ფაქტები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც „საქართველოში მთავრობის წევრები, პოლიციელები დასანქცირდნენ იმის გამო, რომ მათ დაარღვიეს ადამიანის უფლებები“ და როგორ შეაფასებდა ამ შემთხვევას.
„შეგიძლიათ, მითხრათ, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ვისი უფლებები დაირღვა, ვინ არიან ეს ადამიანები? აქციებზე იყო ათასობით ადამიანი და ერთეული ადამიანები ძალადობდნენ, რაზეც პოლიციას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება. გაიხსენეთ, ამერიკაში როგორ იქცეოდა პოლიცია, როდესაც იყო შეტევა, არეულობა, ჩართეთ ვიდეოები და გააკეთეთ შედარებები. პოლიციელზე როცა ძალადობ, აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, გინდა პარლამენტში შევარდნა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს შესაბამისად, კანონის ფარგლებში. 2012 წლის შემდეგ ვერ მოიყვანთ ვერცერთ ფაქტს, შემთხვევას, რომ ქვეყანაში ირღვეოდეს ადამიანის უფლებები, შეზღუდული იყოს გამოხატვის, სიტყვის თავისუფლება. ბუნებაში არ არსებობს ამგვარი ფაქტები. ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც საზოგადოება ხედავს.
2012 წლამდე გატარებულ პოლიტიკას გვტენიდნენ, როგორც დემოკრატიის შუქურას, სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით, გვეუბნებოდნენ, რომ დემოკრატია იყო მანქანის საბარგულზე გადასკოჩილი ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, აქციების დარბევის დროს ხალხის ხოცვა და შემდეგ ჯიხურებზე შემოგდება, ვითომ დენმა დაარტყა. თურმე ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ამ რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს. საზოგადოება, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ამ განსხვავებებს ძალიან კარგად ხედავს და ყოველთვის, 2012 წლიდან მოყოლებული შესაბამის პასუხს გცემთ და 2024 წლის საპარლამენტო არჩეცნებზეც შესაბამისი პასუხი გაგეცემათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, სანქციებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ხელისუფლება დღეს იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას.
„ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენთვის, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ვატარებთ ჩვენი ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესს, ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას“, – განაცხადა კალაძემ.