ერთეულების პოზიციებს მნიშვნელობა არ აქვს - მე საკმაოდ მაღალი წარმოდგენა მაქვს ევროკავშირზე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას , რომ ვიზალიბერალიზაციის პირობები შეიძლება გადაიხედოს.
როგორც ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ევროკავშირი "რუსული მეთოდებით" არ იხელმძღვანელებს და პარტნიორ ქვეყანას დასჯის მეთოდებით არ დაელაპარაკება.
"ელჩმა თქვა, რომ ეს საკითხი იქნება განხილული, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი საკითხი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან იყო დაყენებული განხილვების დროს, როგორც საქართველოს დასჯის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
რატომ შეიძლება დასაჯო პოლიტიკოსი ან ქვეყანა იმისათვის, რომ მან მიიღო კანონი?! ერთეულების პოზიციებს აქ მნიშვნელობა არ აქვს - მე საკმაოდ მაღალი წარმოდგენა მაქვს ევროკავშირზე. ვერასდროს ვერ შევადარებ ევროკავშირს [რუსეთს] და ვერ დავდებ მას ბრალს, რომ ის თავში გაივლებს რუსული მეთოდების მსგავსად იმოქმედოს პარტნიორ ქვეყანასთან და დასჯის მეთოდებით ელაპარაკოს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი განხილვა თუ შედგება, ძალიან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი იმისათვის, რომ ჩვენ, საქართველომ და ევროკავშირმა ერთად შევძლოთ მუშაობა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: "ევროკავშირი განიხილავს "ყველა ვერსიას", რომელიც შეიძლება საქართველოს მიმართ გამოიყენონ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ".