ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯო ლიბერმანი ბორის ნემცოვის დაკავებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო ფაქტად აფასებენ.
"ჩვენ ყოფილი ვიცე-პრემიერის, ბორის ნემცოვისა და სხვა ოპოზიციონერების დაკავებისა და ციხეში უსამართლოდ ჩასმის გამო ღრმად იმედგაცრუებული ვართ. სამარცხვინო და აღმაშფოთებელია, რომ მოსკოვის ხელისუფლებამ აქციის ორგანიზატორებს მიტინგის ჩატარების ნება დართო, ხოლო შემდეგ დააპატიმრა. ნემცოვის დაკავება მთელი მსოფლიოსთვის უნდა იყოს გაფრთხილება და იმის მაგალითი, თუ თანამედროვე რუსეთში როგორ ექცევიან კანონს. ეტყობა, რუსეთი კვლავაც იურიდიული ნიჰილიზმით იმართება", - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
მათივე შეფასებით, ნემცოვისა და მისი თანამოაზრეების დაპატიმრება უკანონოა, რადგან ისინი ცდილობდნენ თავისუფალი შეკრების შესახებ კონსტიტუციური უფლების გამოყენებას.
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ მოსკოვის ტვერის სასამართლომ ნემცოვს 15 დღით ადმინისტრაციული დაპატიმრება 31 დეკემბერს შეუფარდა, ხოლო ილია იაშინს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
მასალის გამოყენების პირობები