შსს-ის თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე, რომელმაც ვეტერანთა აქციის დარბევისას "ქართული პარტიის" წარმომადგენელ ეკა მათიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანამდენობიდან გაათავისუფლეს.
შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 3 იანვარს, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა უკანონო ქმედებების აღკვეთის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის - ოთარ გვენეტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას.
"აღნიშნულთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოთარ გვენეტაძე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.