ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ MEGOBARI Act -ის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ MEGOBARI Act მიზნად საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას ისახავს.
MEGOBARI Act ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა და კონგრესმენებმა სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა, მარკ ვეისმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეს.
MEGOBARI Act -ის – ძირითადი დებულებებია:
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი აცხადებს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დასაცავად. ის აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის.
დემოკრატიულ უკუსვლაზე რეაგირება – საქართველოში ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე საპასუხოდ, აქტი მოიცავს მოწოდებას საქართველოს მთავრობის ქმედებებისა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირის გაძლიერებული შესწავლისკენ.
ანგარიშის წარდგენა და სანქციები – აქტი მოითხოვს რამდენიმე მოხსენებას ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ანგარიშებს საქართველოში არსებულ კორუფციულ პრაქტიკებთან დაკავშირებით, რომლებიც მხარს უჭერს რუსულ ინტერესებს და სანქციების გვერდის ავლას, საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევის და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება, გამოვლენა და სანქციები და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – აქტი ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით არჩევნების დროს, სამუშაო ჯგუფის შექმნას სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.
ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ითვალისწინებს აშშ-ის შემდგომ დახმარებას: საქართველოსთან უფრო შეღავათიან სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები; ადამიანთა შორის გაცვლითი პროგრამების გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება; ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება; უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
MEGOBARI აქტის თანასპონსორები არიან ასევე კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი, ემანუელ ქლივერი, ჯი, კოსტა და შეილა ჯექსონ ლი. აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: Freedom House-, Razom for Ukraine, აშშ-ში საქართველოს ასოციაცია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კოალიცია, ჩრდილოეთ კავკასიის ერების კომიტეტმა, Syria-Ukraine Network, Syrian Emergency Taskforce.