ერთ-ერთი მთავარი სისტემა, რაც მოირგეს პოლიტიკურად საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ესეც გარე დავალება იყო, იყო სწორედ განათლების სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არსებული ხელისუფლების პირობებშიც ვერ გაკეთდა საკმარისი და ამას ობიექტური მიზეზები აქვს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რაც საარჩევნოდ საზოგადოებისთვის იქნება შეთავაზებული, სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება.
"ანგრევდნენ სახელმძღვანელოებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, საშინელი პოლიტიკა ჰქონდათ პედაგოგების კუთხით და ა.შ. ხელოვნურად ანგრევდნენ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში მყარი სისტემა ჩამოაყალიბეს, რომლის მარტივად გადალაგება არ იყო შესაძლებელი. კიდევ უფრო მძიმე პრობლემები შექმნეს მათ უმაღლესი განათლების სისტემაში. მაგალითად რომ ავიღოთ წამყვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მეც ვასწავლი, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ პროფესორების დიდი ნაწილი მთლიანად პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია ვის მხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია - შეიძლება, პოლიტიკური მიკერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როცა არც კვალიფიკაცია გაქვს, თან პოლიტიკურად მიკერძოებული ხარ, აქ ჩანს, სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ეხება პროფესურის ძალიან დიდ ნაწილს. შესაბამისად, ეს არის ჩაკეტილი წრე, ამის გამო მთლიანად სისტემა არის მოშლილი. ამის გამო, არც სახელმძღვანელოები ვითარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არც მეცნიერება და არც არაფერი, არის მძიმე, ჩაკეტილი წრე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, მზადდება განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელსაც საზოგადოებას წინასაარჩევნოდ შესთავაზებენ.
ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ თვისებრივად გადალაგებულ სისტემას, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტებული იქნება სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სწორად თუ დალაგდება სისტემა, თავისუფლად შესაძლებელია, საქართველოში ისეთი რესურსის შექმნა, სადაც სტუდენტი ევროპულისა და ამერიკულის იდენტურ განათლებას მიიღებს.
"ჩვენ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც მივიღებთ არა რაღაც განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს, ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისებრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს ექნებათ საკუთარი ინტერესების რეალიზების ათჯერ უკეთესი შესაძლებლობა. სოციალური ინტერესებიც აქვთ სტუდენტებს, გარდა განათლების მიღებისა, მათ შორის სპორტი და სხვადასხვა ტიპის აქტივობები. თვისებრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა გვექნება, სწავლების ხარისხი იქნება თვისებრივად განსხვავებული და სწავლების შინაარსი, გვექნება სახელმძღვანელოები უზრუნველყოფილი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში და ა.შ. განახლებული სახელმძღვანელოები, კურიკულუმები და ა.შ. თვისებრივად გადალაგებული სისტემა, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტებული იქნება ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე. იურიდიულ ფაკულტეტებზე რომ ვისაუბროთ - თუ სწორად დალაგდება სისტემა, თავისუფლად შესაძლებელია საქართველოში შექმნა ისეთი რესურსი, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე საქართველოში სტუდენტმა მიიღოს ზუსტად ევროპულისა და ამერიკულის იდენტური განათლება, არც მეტი, არც ნაკლები, უმაღლესი დონის განათლება. ამის რესურსი ქვეყანაში არის, მთავარია, სისტემა სწორად ჩამოყალიბდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.