„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.
კახა კალაძე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებაა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს უკავშირდება. გუშინ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს. სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იქნას გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება.
ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, რადგან ეს თურმე, არადემოკრატიული ქმედებაა. რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები. აღნიშნული დასკვნა მხოლოდ და მხოლოდ ამით არის გაჯერებული, არანაირი სამართლებრივი შენიშვნა, შინაარსობრივი განხილვა და ახსნა-განმარტება არ ყოფილა, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.