ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ ჩვენ ისეთი ნაბიჯები გადაგვედგას, რაც რუსულ ინტერესში შედის, - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა/
მისი თქმით, დასავლეთიდან ისეთი განცხადებები მოდის, რაც აცდენილია რაელობას.
„გვიწევს თავის და ქვეყნის დაცვა იმ განცხადებებისგან, რომელიც მოდის დასავლეთიდან, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, არის შეურაცხმყოფელი განცხადებები. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არის პასუხები. თუკი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აქვს სურვილი, რომ იყოს უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოხდეს, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, მივესალმებით ამ ყველაფერს და ეს არ უნდა დარჩეს უბრალო სიტყვებად, არამედ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ასევე, მიუღებელია ის შანტაჟი, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ხდება, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები - ეს არის მოლაპარაკებების გახსნა, ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, პირდაპირი ფრენები. თუ ეს მიდგომა და დამოკიდებულება იქნება და სტრატეგიული პარტნიორისგან დავინახავთ არა მხოლოდ სიტყვებით, რადგან ჯერ არავინ იცის, ეს ინიციირებული კანონპროექტი სად იქნება და რა დონემდე მივა, მაგრამ თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც შეუძლიათ გადადგან, რა თქმა უნდა, კანონის აუცილებლობაც არ იქნება საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი იმის მანიშნებელი იქნება, რომ არის სურვილი, ურთიერთობები დალაგდეს და დამშვიდდეს და ისეთი იყოს, როგორც პარტნიორებს შეესაბამება.
„ბურთი მათ მხარესაა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოყოლებული 2012 წლიდან დღემდე, თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ ჩვენ რაიმე არასწორი გაგვეკეთებინოს ან ისეთი ნაბიჯები გადაგვედგას, რაც რუსულ ინტერესში შედის. პირიქით, თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება რიტორიკას. ჩვენ გვიწევს დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და საკუთარი მოსახლეობა იმ აბსურდული და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან, რასაც ვისმენთ ბოლო თვეების განმავლობაში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.