თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და გამჭვირვალობის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენ ვხედავთ აგრესიულ კამპანიას, რომელიც აგებულია საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე პირისთვის ქვეყნის მტრის იარლიყის მიკერების მცდელობაზე. მათი ლოზუნგია-„ვინც ჩვენთან არ არის, ის ქვეყნის მტერია“. ამ ლოზუნგით იფუთება უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, რომელიც უარს ამბობს უცხო ქვეყნის გავლენებზე, მათ ჩარევაზე საქართველოს შიდა პოლიტიკაში და მხარს უჭერს გამჭვირვალობას.
ძალადობაა, როცა ზეწოლის, ბულინგის, შეურაცხყოფის გზით სურთ, გაიძულონ, გაიმეორო მათი მესიჯები. ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად და მონად შეგრაცხავენ.
ძალადობას მივყავართ საშინელ შედეგებამდე, რასაც ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა. რასაკვირველია, არავის უნდა დავუხროთ თავს, რადგან ჩვენ ხელშია სიმართლე. არ არსებობს ქვეყნად სიმართლეზე დიდი იარაღი,“- აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, კანონი ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, შეამციროს უცხო ქვეყნების გავლენები და არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.
„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ისევე როგორც თავის დროზე ამერიკამ, როგორც ახლა ცდილობს კანადა, ისევე როგორც ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე შეძლო კანონის ამოქმედება, საქართველომაც უნდა შეამციროს უცხოური გავლენები, იქნება ეს პირველ რიგში რუსეთის, თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის გავლენა. ამისთვის კი საჭიროა კანონის ამოქმედება.
ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხი ოპონენტებისგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ: რატომ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ რუსული? რატომ არა აქვს უფლება საქართველოს აამოქმედოს კანონი, რომელიც მოქმედია ამერიკის და ევროპის რიგ ქვეყნებში? როგორ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად? ეს კითხვები უპასუხოდ რჩება, არადა პასუხი ძალიან მარტივია - არ მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა დავტოვოთ უპასუხოდ ეს კითხვები“, - განაცხადა კახა კალაძემ.