თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს.
როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დედაქალაქის ქუჩების ჩაკეტვამ მოქალაქეების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
„ძალიან ბევრი ფაქტი ვიხილეთ გაბრაზებული მოსახლეობის, რომელიც ქალაქის ქუჩებში გადაადგილებას ცდილობდა. ცხადია, ვიღაცას რაღაც პრობლემა, საჭიროება აქვს, სადღაც მიიჩქარის. გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა ყველა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს. არანაირი ძალადობა არასდროს არ არის მისაღები - არც ფიზიკური, არც ფსიქოლოგიური. კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: დაპირისპირების ძალიან ბევრი ფაქტი იყო. როდესაც სადღაც ბავშვი მიგყავს, გეჩქარება, ასევე, მოვისმინე, რომ ერთი სიმსივნით დაავადებული ადამიანი წამლის გასაკეთებლად მიდიოდა, არ უშვებდნენ - მძიმეა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, და მესმის იმ მოქალაქეების პროტესტი, რომლებიც ამ ყველაფერთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.