რუსი სამხედროები ნიგერში მდებარე აშშ-ის 101-ე ავიაბაზაზე შევიდნენ და ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს. იტყობინება სააგენტო Reuters-ი აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა ნიგერის სამხედრო ხუნტის გადაწყვეტილება, ქვეყნიდან აშშ-ის ძალების გაყვანის შესახებ.
სამხედრო ხუნტამ შეერთებულ შტატებს მოსთხოვა ქვეყნიდან გაეყვანა ამერიკელი სამხედროები. საპასუხოდ, ვაშინგტონმა ნიგერიდან 1000-მდე ჯარისკაცის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ამერიკელმა თავდაცვის მაღალჩინოსანმა Reuters-ს უთხრა, რომ რუსულ ძალებსა და ამერიკულ ჯარებს შორის შეტაკება არ მომხდარა, რადგან რუსებმა დაიკავეს ტერიტორიის ნაწილი ავიაბაზაზე, რომელიც ნიგერის დედაქალაქ ნიამეში, დიორი ამანის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ მდებარეობს.
მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროების ეს ნაბიჯი ზრდის კონფრონტაციის რისკს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მაშინ როდესაც, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო და დიპლომატიური მეტოქეობა სულ უფრო მძაფრდება უკრაინის კონფლიქტის გამო.
"სიტუაცია არ არის სახარბიელო, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ის მართვადია", - თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-თან.
ნიგერში გადატრიალების შემდეგ, აშშ-მა ნიგერში თავისი ძალების ნაწილი 101-ე საჰაერო ბაზიდან ქალაქ აგადესში მდებარე 201-ე საჰაერო ბაზაზე გადაიყვანა.
შეერთებულმა შტატებმა 201 საჰაერო ბაზის მშენებლობაზე ნიგერში 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. 2018 წლიდან ბაზა გამოიყენება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან და ალ-ყაიდას შვილობილ დაჯგუფება ჯამაატ ნუსრატ ალ-ისლამ ვალ მუსლიმინთან (JNIM) წინააღმდეგ საბრძოლველად.
ბოლო ხანებში შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იძულებულები გახდნენ ჯარები გაეყვანათ აფრიკის რამდენიმე ქვეყნიდან მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებში სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოვიდნენ ძალები, რომლებიც თავიანთი პოლიტიკის დისტანცირებას ცდილობენ დასავლეთისგან.
ნიგერიდან აშშ-ს ჯარების მოსალოდნელი გაყვანის გარდა, ბოლო დღეებში ამერიკულმა ძალებმა ასევე დატოვეს ჩადი, ხოლო საფრანგეთის ჯარებმა დატოვეს მალი და ბურკინა ფასო.
ამავდროულად, რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები აფრიკის ქვეყნებთან და პოზიციონირებს, როგორც "მეგობარი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს კოლონიალური წარსული".
ნიგერის მთავრობა, რომელიც დასავლეთის მოკავშირედ ითვლებოდა, 2023 წლის ივლისში დაამხო სამხედრო ხუნტამ.