“სასამართლოს გუშაგის” დამკვირვებელი მეგი შამათავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ შეუშვეს. სხდომაზე დასწრება ვერც მესამე სექტორის სხვა წარმომადგენლებმა შეძლეს - ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, მანდატურებმა ვერ დაასაბუთეს მიზეზი:
"მანდატურმა შესვლის პირველ მცდელობაზე განმარტა, რომ დამკვირვებლები შენობაში შესვლას მხოლოდ საბჭოს სხდომის დაწყების შემდეგ შეძლებდნენ. მეორედ შესვლის მცდელობაზე მანდატურებს ჰქონდათ დაუსაბუთებელი განმარტებები - ამბობდნენ, რომ სხდომაზე დასწრება “არ შეიძლება”, თუმცა შეზღუდვის მიზეზს ვერ ასახელებდნენ.
სხდომა 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.
შენობაში ხელახალი შესვლის მცდელობისას მანდატურებმა განაცხადეს, რომ რადგან სამუშაო საათები დასრულდა, დამკვირვებლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვეღარ შევლენ." ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის:„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენლები თითქმის 2 წელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს აკვირდებიან. დასწრებასთან დაკავშირებით პრობლემები 25 აპრილს დაიწყო, როცა შენობაში არ შეუშვეს “სასამართლოს გუშაგის” ანალიტიკოსი ქეთი გაჩეჩილაძე.