ვინც თესავს პროვოკაციას და დაპირისპირებას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგ არის,– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინც ცდილობდა ჩვენ განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები.
“30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული, ევროპული პერსპექტივა,როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის მანძილზე არა ერთი კრიზისი, ვნებათაღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე, არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.
საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე; ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები.
საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს - ტერორიზმთან ბრძოლას.
ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა, იცის - ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა როცა გვიჭირდა, როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენსგვერდში.
სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს - იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა. ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართებოს და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგიც არის, ვინც ქადაგებს ერთობას ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს!
მინდა თქვენ მადლობა მოგახსენოთ წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის. თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის, მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება. თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ!
გაუმარჯოს საქართველოს ჯარს, თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს!
გაუმარჯოს იმ გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენობას და თავისუფლებას შეეწირა! მათი ხსოვნა უკვდავია!" - განაცხადა პრეზიდენტმა.