„ქართული ოცნება“ იმგვარად დაზიანებული უნდა გამოვიდეს ამ პროცესიდან, რომლითაც წარმოუდგენლად აზიანებს საქართველოს, რომ წელში ვერ გაიმართოს, ეს არის მიზანი, - ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რესპუბლიკის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.
„მე მგონია, რომ სავსებით ცხადია ყველაფერი. ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ჩვენ ვირჩევთ „ქართული ოცნებისგან“ თავისუფალ საქართველოს. არა რუსულ მთავრობას. არა რუსულ კანონს – ეს ყველაფერი გასაგებია, ცხადია და ეგრე უნდა იყოს, მაგრამ ვიდრე „ქართული ოცნება“ არ წავა, ჩვენ ევროპაში ვერ მივალთ. ასე რომ, ჩვენ არ ვაპირებთ მიმართულების შეცვლას, „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს. სამიზნე არის, რომ „ქართული ოცნება“ იმგვარად დაზიანებული უნდა გამოვიდეს ამ პროცესიდან, რომლითაც წარმოუდგენლად აზიანებს საქართველოს, რომ წელში ვერ გაიმართოს, ეს არის მიზანი და ეს მიზანი შესრულდება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.