ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და როგორც თქვენთვის ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო, სახალხო შეკრება, სადაც ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს, ჩემი აზრით, რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ 29 აპრილის შეკრება იყო.
„ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, მამული, ენა, სარწმუნოება, თავისი ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ. ყველამ ერთად ვუთხრათ ყველას ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება მართლაც უმნიშვნელოვანესია. მათთვის, ვისთვისაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა ეროვნულ, ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ყველას მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას“, – განაცხადა მდინარაძემ.