სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ დღეს ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერმა განაცხადა. სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა ოთხი სოფელი და დაიწყო განაღმვითი სამუშაოები.
ამასთან, რეგიონში გამართულ საპროტესტო აქციაზე სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ადგილობრივებს მიმართა არ შეეშინდეთ აზერბაიჯანელების და მათთან სავაჭრო ურთიერთობები დაიწყონ.
საუბარია საზღვრის მახლობლად მდებარე ოთხი აზერბაიჯანული სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სომხეთი რამდენიმე დღის წინ დათანხმდა აზერბაიჯანისთვის დაბრუნებას. ამჟამად, როგორც ცნობილია, ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდა მიმდინარეობს.
დელიმიტაცია ორი ქვეყნის დელიმიტაციის კომისიის მერვე შეხვედრის შემდეგ დაიწყო.
საზღვრის დადგენის პროცესის ეს მხოლოდ დასაწყისია. ამაზე კონფლიქტის მხარეები სამ წელზე მეტია საუბრობენ, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ მის განხორციელებაზე 2020 წლის ყარაბაღის ომის შედეგად.
მანამდე მხარეები დიდხანს კამათობდნენ, საბჭოთა ეპოქის რომელ რუკებს დაყრდნობოდნენ.
აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემის თაობაზე ქმედებების გასამართლებლად სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საზღვრისპირა სოფლებში იმყოფებოდა.
ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ აზერბაიჯანული სოფლების დაბრუნება მათ მიწებს შესაძლო თავდასხმების ფოზნე დაუცველს გახდის და დანარჩენ სომხეთს მოწყვეტს.
ფაშინიანმა მათ უთხრა, რომ სურს, რომ ორი ქვეყნის ხალხმა შეწყვიტოს ერთმანეთის საფრთხედ აღქმა.
ფაშინიანმა დასძინა, რომ სოფლების დაბრუნებას ალტერნატივა არ აქვს, რადგან ისინი დე იურე აზერბაიჯანის ტერიტორიაა და თუ სომხეთი თავს სამართლებრივ სახელმწიფოდ მიიჩნევს, უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი.
„ხალხო, ვწუხვარ, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ბოლო 30 წელია ჩვენ უკანონობის პირობებში ვცხოვრობთ. ახლა ჩვენ ვამბობთ: უკანონობის ეპოქა უნდა დასრულდეს - როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მათი მხრიდან“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.