გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ მიხეილ ხოდორკოვსკისათვის გამოტანილი განაჩენი "პოლიტიკურად მოტივირებულის" შტაბეჭდვილებას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
ამას გარდა მერკელი ასევე აცხადებს, რომ ხოდორკოვსკისათვის გამოტანილმა განაჩენმა მას იმედები გაუცრუა, ვინაიდან განაჩენს იგი ძალიან მკაცრად მიიჩნევს.
"ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ პროცესში როლი პოლიტიკურმა მოტივებმა შეასრულეს. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის კანონის უზენაესობის დამყარების განზრახვასთან, რომელთა დეკლარირებასადც რუსეთი ძალიან ხშირად ახდენს", განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლომ "იუკოსის" ყოფილ ხელმძღვანელს, მიხაილ ხოდორკოვსკისა და "მენატების" ხელმძღვანელს პლატონ ლებედევს გუშინ 13,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენში ნათქვამია, რომ ხოდორკოვსკი და ლებედევი დამნაშავედ არინ ცნობილები მიტაცებისა და ფულის გათეთრების მუხლებით, რის გამოც მათ საერთო რეჟიმის კოლონიაში 13,5 წლის გატარება მოუწევთ.
ბრალდების მხარე რუსი ბიზნესმენებისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
თავდაპირველად ხოდორკოვსკისა და ლებედევს 2005 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალად მათ თაღლითობა და გადასახადების გადაუხდელობა ედებოდათ. 2006 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეორე საქმე აღიძრა, რომლის ფარგლებშიც პროკურორები მათთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ. ამ საქმის მიხედვით მათ უკვე ბრალი ედებათ 200 მილიონ ტონა ნავთობის დატაცებაში, უკანონოდ გამომუშავებული თანხის მითვისებაში და 3 მილიარდ რუსულ რუბლად ღირებული აღმოსავლური ნავთობის კომპანიის 38-პროცენტიანი აქციების პაკეტის მისაკუთრებაში.
ე. წ. "იუკოსის" საქმე, ბოლო წლებში რუსეთში არსებულ საქმეთაგან ერთ-ერთი ყველაზე "ხმამაღალია". რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ დროისთვის ქვეყანაში ყველაზე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობა მთელ რიგ ეკონომიკურ დარღვევებში დაადანაშაულეს. შედეგად "იუკოსი" გაკოტრდა, მისი აქტივები კი სახელმწიფო კომპანია "როსნეფტს" გადაეცა. დასავლეთი დღემდე მიიჩნევს, რომ "იუკოსის" საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ყოველივეს კატეგორიულად უარყოფს.
ხოდორკოვსკის ხშირად ვლადიმერ პუტინის პირად პატიმარს უწოდებენ. რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა - "ქურდი ციხეში უნდა იჯდეს, ხოლო რაც შეეხება ხოდორკოვსკის, მას ბრალად დატაცება აქვს წაყენებული, თან საკმაოდ სოლიდური".
პირადად ხოდორკოვსკი თავის წინააღმდეგ აღძრულ მეორე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურს და კორუფციულად მოტივირებულს უწოდებს. მისი თქმით, ამ პროცესის ინიციატორები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მისი ციხიდან გამოსვლა არ სურთ. მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას კი ხოდორკოვსკი იმით ხსნით, რომ იგი დამოუკიდებელ ოპოზიციას უჭერდა მხარს.