რუსი მკვლელები ვერ მიდიან ევროპაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აკავებენ უკრაინელები იარაღით ხელში და ყვითელი და ლურჯი დროშის ქვეშ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ კაპელანებს მათგან განსხვავებით, ვინც ორნახევარი ათასი კილომეტრის მოშორებით ვირტუალური შუამავლობით არიან დაკავებული.
„უკრაინაში ოდესღაც ძალიან ბევრი თეთრი სახლი და ეკლესია იყო, რომლებიც ახლა რუსული ჭურვებით დამწვარი და დანგრეულია. ძალიან ნათელია ვინ უნდა გაჩერდეს, რომ ომი შეწყდეს, ყველა, ვინც სიცოცხლეს და ადამიანებს იცავს, ასრულებს ყველაზე საპატიო მისიას, რომელიც მხოლოდ ასეთი არაადამიანური შემოჭრის პირობებში შეიძლება.
როდესაც 24 თებერვალს რუსულმა ბოროტებამ ეს ომი დაიწყო, ყველა უკრაინელი თავდაცვაზე გადავიდა. ქრისტიანები, მუსულმანები, ებრაელები - ყველა. და მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელ კაპელანს, რომელიც ჯარშია, თავდაცვის ძალებში. იქ, ფრონტის ხაზზე. იცავენ სიცოცხლეს და კაცობრიობას. ისინი მხარს გვიჭერენ ლოცვით, საუბრით და საქმით. აი რა არის ეკლესია - ხალხთან. და არა ორნახევარი ათასი კილომეტრის მოშორებით, სადღაც იქ ვირტუალური შუამავალობით არის დაკავებული, მათ შორის, ვისაც სურს სიცოცხლე და მათ, ვისაც შენი განადგურება უნდა," - აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ზელენსკიმ თავის მიმართვაში არ უხსენებია რომის პაპი ფრანცისკე, მაგრამ, ცხადია, მისი სიტყვები ეხებოდა კონკრეტულად პაპის განცხადებას, რომელმაც უკრაინას მოუწოდა ჰქონდეს თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა და მოლაპარაკება დაიწყოს რუსეთთან.
შეგახსენებთ, შვეიცარიის რადიოსა და ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რომის პაპმა უკრაინას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა“.
მას შემდეგ, რაც პაპის სიტყვებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, ვატიკანმა განმარტა, რომ პაპმა ფრანცისკემ უკრაინას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა. „მოლაპარაკება არასდროს არის კაპიტულაცია“,- განაცხადეს ვატიკანში.